აშშ-ის კონგრესში განახლდა წარმომადგენელთა პალატის და სენატის ერთობლივი სხდომა, რომელზეც კანონმდებლებმა ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაადასტურონ. კონგრესში სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში არჩვენების შედეგების გაუქმების მოთხოვნით შეიჭრნენ.
სხდომა დაახლოებით ოთხი საათით შეწყდა. კაპიტოლიუმის შენობაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ვაშინგტონის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 52 პირი.
რა განცხადებები გააკეთეს მომხდარზე დონალდ ტრამპმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა?
ტრამპის თქმით ის არასდროს აღიარებს დამარცხებას. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მან მომიტინგეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ესმის მათი “ტკივილი” და მათი გრძნობები. მან ასევე მათ „განსაკუთრებულები“ უწოდა.
“ასე რომ, წადით სახლში, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებულები ხართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, როგორ ექცევიან სხვებს… ისე ცუდად და ისე ბოროტად… მესმის, რას გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობით“, – თქვა პრეზიდენტმა ვიდეო-მიმართვაში.
მოვლენების განვითარების გამო “ტვიტერმა” პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში დროებით ჩაკეტა. ტვიტერი” საგანგებო განცხადებაში წერს, რომ თუ ტრამპი ძალადობის შემცველ მოწოდებებს 12 საათში არ წაშლის, ანგარიში უფრო დიდი ხნით დარჩება ჩაკეტილი.
მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს უნდა ჩატარდეს. მან ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “ამბოხი” უწოდა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები რეალურად არ ასახავს ნამდვილ ამერიკას და “ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესი ქვეყანაა”.
“ეს არ არის პროტესტი, ეს არის აჯანყება. მსოფლიო გვიყურებს და ბევრი სხვა ამერიკელივით გულწრფელად შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომელიც ამდენი ხანი დემოკრატიის იმედი იყო, ასეთ ბნელ მომენტამდე მივიდა.”- განაცხდა ჯო ბაიდენმა.
განვითარებული მოვლენების შემდეგ ვაშინგტონის მერმა 15 დღით გააგრძელა 6 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.