ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა – ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია, ამიტომ ის უნდა აღვადგინოთ – ამბობს „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი.
არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა, უნდა მოვემზადოთ თუ არა თებერვალში გახსნისთვის, ვიყიდოთ თუ არა ნედლეული – ამბობს შალვა ალავერდაშვილი. მისი თქმით, სექტორს დღეს სჭირდება პასუხი თუ როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას.
„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირედება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები – ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა და ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა.”- ამბობს ის.
როგორც სფეროს წარმომადგენელი ამბობს, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია. მისი თქმით, ისინი მზად არიან რეგულაციების დასაცავად და ამისთვის დიდ თანხებსაც ხარჯავენ, თუმცა ამბობს იმასაც, რომ, ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
„გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე“ – ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება“.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრის დონეზე არ ჰქონიათ. იგი ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს და ამბობს, რომ შესაძლებელია, მაგალითად, კოვიდგადატანილი ტურისტების შემოყვანის ორგანიზება.
“არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა იმიტომ, რომ ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები“ ,- ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, ოთხშაბათს ტურიზმის სექტორთან ერთად, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგებზე ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება.
13 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ყველა სფეროს არ შეეხება.
“პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური“, – თქვა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციაც. ასოციაციის ხელმძღანელის თქმით, შეზღუდვების პირობებში რესტორნების მხოლოდ 10% შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.
პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა და აქედან მხოლოდ 500 გადარჩება — ასეთ პროგნოზს აკეთებდა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი იმ შემთხვევაში თუ რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 15 იანვრიდან არ მიეცემოდათ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით 16 იანვარს დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადაიდო. ორთვიანი გეგმის ფარგლებში კი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. რესტორნებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ, სათხილამურო კურორტებზე კი სასტუმროები დაკეტილია, მათთვის მხოლოდ საკარანტინო სივრცედ მუშაობაა ნებადართული.