ბათუმში შემსვლელ და გამსვლელ ყველა მოქალაქეს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ტემპერატურა ექნებათ, კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ. მისივე თქმით, საყოველთაო კარანტინის გამოცხადება, მათ შორის არც ბათუმში არ იგეგმება.
„დღეს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში. ასევე ინტენსიური თერმოსკრინინგი იქნება ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები რაზეც ოპერაციული შტაბი იმუშავებს შესაბამის უწყებებთან ერთად. ის ადამიანები ვისაც ექნება ტემპერატურა,დაექვემდებარებიან ტესტირებას, “- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
16 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადასტურებული შემთხვევებიდან 145 კი აჭარის რეგიონში დაფიქსირდა.