ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, რუსეთში არსებული და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები დასანქცირდა, მათ შორის ბორჯომის მინერალური წყალის ჩამომსხმელი ქარხნის მფლობელი, მიხაილ ფრიდმანი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია, “IDS ბორჯომი საქართველო”-ს ორივე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. კომპანიაში არსებულ პრობლემებსა და გამომწვევ მიზეზებზე, „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ვკითხულობთ მიზეზი, პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე, რუსეთში შექმნილი რთული ვითარება და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომაა.
„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკითხს ეხმიანება აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირიც, ორგანიზაცია ორ ქარხანაში 400–მდე თანამშრომლის ინტერესებს იცავს.
“ეს ის მომენტია, როდესაც პროფკავშირმა, დამსაქმებელმა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და საწარმოო პროცესის გადასარჩენად, ოღონდ არა დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური და შრომით-სამართლებრივი პირობების გაუარესების ხარჯზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შპს „IDS ბორჯომი საქართველო“ მოიპოვებს და აწარმოებს მინერალურ და არაგაზირებულ წყლებს – ბორჯომი, ლიკანი, ასევე სასმელ წყალს – ბორჯომის წყაროები და ბაკურიანი. კომპანიის საკუთრებაშია ჩამომსხმელი ქარხნები: N1 და N3.
2013 წლის დასაწყისში კომპანიის საკონტროლო პაკეტი, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილმა უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანია “ალფა ჯგუფ”-მა 300 მილიონ დოლარად იყიდა.