ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტი 2024 წლის 17 თებერვალს ჩამოიყვანეს. იმისათვის რომ ტრანსპორტს ქალაქში მოძრაობა დაეწყო 2 თვე დასჭირდა, ხოლო სოფლების მიმართულებით რეისების დაწყებას – 6.
17 თებერვალს მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ გეგმავდნენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის – ტაბლოების.
ამ განცხადებიდან, გავიდა ერთი თვეც, ორიც, სამიც და ცხრაც. ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენთან არაერთ კომენტარში ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში აპირებდნენ ტაბლოების დამონტაჟებას, თუმცა ქალაქის არცერთ ქუჩაზე, არცერთ გაჩერებასთან არც ელექტრონული ტაბლო და არც ტრანსპორტის გრაფიკის მიმანიშნებლებია მოწყობილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტაბლოების არ არსებობის გამო, უჭირთ ტრანსპორტით გადაადგილება, რადგან ავტობუსები ზოგჯერ დაგეგმილ დროზე ადრე მიდიან, ზოგჯერ კი – გვიან.
რა ხდება ახლა ? – ბოლოს ირაკლი ლაზარაშვილმა ტაბლოების მოწყობაზე კომენტარი 25 სექტემბერს გააკეთა და ინფრასტრუქტურის დამონტაჟებისთვის სავარაუდო დრო 10 დღე დაასახელა.
10 დღე 4 ოქტომბერს გავიდა – ტაბლოები კვლავ არსად ჩანს.
როდის განთავსდება ტაბლოები? – კიდევ ერთხელ ვკითხეთ მერიას, მათგან პასუხს ველით. აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიას 18 ახალი ავტობუსის ჩამოყვანა 6 მილიონზე მეტი ლარი დაუჯდა.
ავტობუსები ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში დადის გარდა სვირი-ბოგა-ტატანისისა, მიზეზი მარტივია – ხიდი, რომლის ქვეშაც უნდა გაიაროთ სანამ ამ სოფლებამდე მიხვალთ დაბალია და ავტობუსი არ ეტევა.