დამოუკიდებელი ხმების გაჩუმების მცდელობა – მაიკ პომპეო ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვს

January 18, 2021

დამოუკიდებელი ხმების გაჩუმების მცდელობა – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას. აშშ ნავალნის უპირობო და დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს. სახელმწფო მდივანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული პოლიტიკური ლიდერები არ ძალადობენ და უსამართლოდ არ აკავებენ ოპონენტებს. 

“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტული ხმის, არ ძალადობენ და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების თავისუფალ სივრცეს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას შურისძიების შიშის გარეშე,“- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

რუსი ოპოზიციონერის დაკავება დაგმო ევროკავშირმაც. “დაუშვებელი” უწოდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ალექსეი ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი რუსეთში გუშინ დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა „ვნუკოვოს“ აეროპორტის ნაცვლად დაუგეგმავად დაეშვა „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სადაც ის დააკავეს. დაკავებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ არაფრის არ ეშინია და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები გაყალბებულია. 

რუსეთის პროკურატურა პოლიტიკოსს თანხის თაღლითურად მითვისებასა და დახარჯვაში ედავება.

_________

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. 22 აგვისტოს კი სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავალნი «ნოვიჩოკის» ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. თუმცა, კრემლი მოწამვლასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.