დღეიდან, 20 იანვრიდან სამი თვის განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური, „ენგურჰესი“ სარემონტო სამუშაოების მიზნით ჩერდება, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოებს გერმანული, ქართული და თურქული კომპანიები შეასრულებენ. პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევროა, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, ხოლო 38 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.
უწყების ინფორმაციით, ჰესზე კომპლექსური სარემონტო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა, ამიტომ სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებით გაჩერება და რეაბილიტაცია.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია, რომლის გამოც საჭირო გახდა ჰესის სრულად გაჩერება.
“პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. “
როგორც სამინისტროში განმარტავენ სარემონტო სამუშაოების შემდეგ, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, „ენგურჰესის“ გაჩერების გამო შემუშავდა გეგმა. სპეციალური სქემა, გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან. ოკუპირებულ აფხაზეთის, ენერგომომარაგება რუსეთიდან მოხდება,- ვკითხულობთ განცხადებაში. ენგურჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 40% აფხაზეთის წილს წარმოადგენდეს, ხოლო 60%-ს ქართული მხარე ფლობს.
საქართველოს ენერგომომარაგებაში „ენგურჰესის“ წილი 35%-ზე მეტს შეადგენს.