“საქართველოს მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ წარსულსა და მომავალს, განახლებასა და წარსულს შორის.” – ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე „გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის“.
„ეს არ არის მხოლოდ მუნუციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბოლო განსაკუთრებით ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში. რა თქმა უნდა, ჩვენ სწორი არჩევანით ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. გულწრფელად მჯერა, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, გონიერს, გულით არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.