” მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად, მათი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავ რუსულენოვანი არხები რჩება და ხშირად, თავისდაუნებურად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ,”- სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე 17- მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ერთობლივი განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიმართეს.
განცხადების მიხედვით, ორგანიზაციები ამახვილებენ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების არასაკმარისად ინფორმირების საკითხზე Covid 19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტში და მიაჩნიათ რომ, საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და არ აპირებს მის გაკეთებას.
უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თანაბრად მიწოდება. “მიგვაჩნია, რომ მანამ სანამ, ქვეყანას ჰყავს მოქალაქეები, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იზრუნოს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ვთვლით, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა აღნიშნულ პორტალზე გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ ინფორმაცია ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მათთვის გასაგებ ენაზე.”
სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები ითხოვენ, სახელმწიფომ ჯეროვნად შეასრულოს თავისი ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე და უახლოეს დღეებში უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობებისთვის ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.