ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი მომავალ კვირაში მოსკოვში, ბაქოში, ერევანსა და თბილისში ვიზიტს გეგმავს, – ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს რეგიონული ტურნეს ფარგლებში გეგმავს. დამატებით დეტალებზე სამინისტროში ვერ საუბრობენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის საკითხი და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.
„ვაპირებ გამგზავრებას იმ ქვეყნებში, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის კრიზისისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე ერთად მუშაობა შეუძლიათ,“
გავრცელებული ცნობით, ირანი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტს გეგმავს თურქეთშიც.
მანამდე, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ინიციატივა, რომ რეგიონის განვითარების მიზნით შეიქმნას “ექვსთა პლატფორმა” აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს და სომხეთის მონაწილეობით.