ისტორიული გადაწყვეტილება – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის შესახებ.
“შემთხვევითი არაფერი არ არის ეს ხდება 100 წლის შემდეგ ჩვენი ოკუპაციიდან, 30 წლის შემდეგ რაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 2008 წლის შემდეგ გავიდა 13 წელი. პირველად საქართველოს ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი საზოგადოებისთვის, მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი რაზედაც უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მიმართვაში პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს.
თბილისის დროით 14:00 საათზე გამართული სხდომის ფარგლებში გამოცხადდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, საქმეზე პირველი სხდომა კი 2011 წლის სექტემბერში გაიმართა.