კარანტინში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ცესკოს პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში არჩევნები ჩატარდეს. როგორც ანა მიქელაძე განმარტავს არსებობს საფრთხე, რომ კარანტინში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებიც შეიძლება იყვნენ, ამიტომ საკითხზე გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.
” ეს გადაწყვეტილება აუცილებლად დაეფუძნება ექსპერტებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით ცესკოს მიაჩნია, რომ მათ უნდა ქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ პოლიტიკურ პარტიებთან,დამკვირვებელ ორგანიზაციებთან” – ამბობს ანა მიქელაძე.
მისივე თქმით დამუშავების პროცესშია ის პროტოკოლი, რომელიც არჩევნების დღეს იქნება გამოყენებული. როგორც ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არჩევნების დღეს ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ იგეგმება. მისი თქმით, ცესკო უზრუნველყოფს, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს პირბადე და მუშაობს, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს ინდივიდუალური კალამი.
„ვვარაუდობთ და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ბუნებრივი ბარიერი რომ იყოს, ისინი აღჭურვილნი იქნებიან შესაბამისი ფარებით, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად დამუშავდება საუბნო კომისია სადეზინფექციო ხსნარებით.”
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებული პრინციპით ჩატარდება. მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით. პარლამენტში მოსახვედრად კი პარტიებმა 1-პროცენტიან ბარიერი უნდა გადალახონ.