რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი აცხადებს, რომ თანამდებობას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში დატოვებს. მისი განმარტებით, იგი მზადაა გადადგეს თუ ე.წ. დეპუტატები, რომლებიც მიტინგებზე გამოდიან და რომელთა მიმართაც ე.წ. გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა მასალა არსებობს, სადეპუტატო იმუნიტეტზე უარს იტყვიან, დატოვებენ მანდატებს და თვითაღიარებული სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
ცხინვალში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ე.წ გენერალური პროკურორის მიერ გასაჯაროებულმა მტკიცებულებებმა საზოგადოებაში პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. მისი თქმით, მოსახლეობა ჯაგაევს დანაშაულში თანამონაწილეობაზე მიუთითებს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გუშინ აღნიშნული სამხილების გასაჯაროების პარალელურად, საზოგადოებაში გარკევული კითხვები და ეჭვები გაჩნდა. მისივე ინფორმაციით, მასალების გამოქვეყნების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ე.წ. პროკურატურის საიტი გათიშული იყო.
“ძალიან დიდი ეჭვები და კითხვის ნიშნები გამოიწვია მოსახლეობაში ამ ფაქტმა, თუ ე.წ გენერალურმა პროკურორმა იცოდა, რომ მათ შეიძლება აქვთ ჩადენილი დანაშაული, რატომ მალავდა ამას და ამდენი წლის განმავლობაში დუმდა?” – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს აფასებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე და არ გამორიცხავს რომ რუსეთმა ბიბილოვი “მოიშოროს; რადგან მისი თქმით, ცხინვალში არსებული მდგომარეობა რუსეთში უკმაყოფილებას იწვევს.
“ცვლილებები უკვე მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის გადაყენება, ბიბილოვის პოზიციების სერიოზული შერყევა და მოსკოვის უკმაყოფილებაც. რა სჭირდება მოსკოვს ცხინვალისგან? მათთვის ე.წ.სამხრეთ ოსეთი არასდროს იქნება სრულყოფილი სუვერენული სახელმწიფო. ეს არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, დიდი ავიამზიდი, რომელიც არის კავკასიის გულში. რუსეთს სჭირდება, რომ აქ იყოს მუდმივი სტაბილურობა. ხალხი უნდა იყოს ჩუმად და უნდა ემსახურებოდნენ იმ მიზანს, რომელიც აქვს მოსკოვს. იქ „ბუნტი“ და არეულობა არავის არ აწყობს. აქედან გამომდინარე, ბიბილოვის დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა და შეცდომებმა განაპირობა ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ეს მოსკოვს არ აწყობს. ამიტომ მგონია, რომ ბიბილოვს თუ არ მოაცილებენ იქიდან, ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დაისჯება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “კვირის“ პრესკლუბში.
რამ გამოიყვანა ცხინვალში მცხოვრებლები ქუჩაში?
30 წლის
ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჯაბიევი ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. 29 აგვისტოსვე სოციალურ ქსელში აქტივისტმა თამარა მეარაყიშვილმა ცხინვალის იზოლატორში ნაცემი ინალ ჯაბიევის ფოტოები გაავრცელა. როგორც ცხინვალში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ სიკვდილი, სავარაუდოდ, სამართალდამცველების მიერ მისმა წამებამ და ცემამ გამოიწვია.
ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო გამოსვლების გამო დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა. თუმცა მომიტინგეები თავად ბიბილოვის და ე.წ გენერალური პროკურორის, ჯაგაევის გადადგომას ითხოვენ.აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
ოფიციალური თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით.
28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის -ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.
ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნატალია ნემსაძე