კლინიკა “იმედიდან” განთავისუფლებული ექიმი ვიოლეტა ინასარიძე სასამართლოში დავას იწყებს. მან ახალციხის სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა, თუმცა ჯერ ჯერობით ის წარმოებაში არ მიუღიათ. კლინიკა ,, იმედიდან” სასტიკი საყვედურით გათავისუფლებული ორივე ექიმი თვლის, რომ სამსახურიდან უკანონოდ არის გათავისუფლებული.
ჩვენ დავუკავშირდით კითხვებით, რატომ გაასაჩივრეს კლინიკის გადაწყვეტილება და უკავშირდება თუ არა მათი გათავისუფლება გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეს?
ვიოლეტა ინასარიძის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ კლინიკა „იმედის“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
„ჩვენთვის გაუგებარია განთავისუფლების მიზეზი და ბრძანებაში აღწერილი შინაარსი, ამიტომ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვაკავშირებთ. ჩვენი მოთხოვნაა, ორივე ბრძანების გაუქმება. ვითხოვთ აგრეთვე სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას“- ამბობს ვიოლეტა ინასარიძის წარმომადგენელი ბონდო ვატიაშვილი.
ამავე კლინიკიდან გათავისუფლებულმა მეორე ექიმმა, გიორგი აფციაურმა ჩვენ კითხვებს არ უპასუხა და მის წარმომადგენელთან გადაგვამისამართა. წარმომადგენლის, თამარ ლილუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მათ სარჩელი არ შეუტანიათ, თუმცა სასამართლოსთვის მიმართვას გიორგი აფციაურიც აპირებდა.
კლინიკა “იმედის” დირექტორი გიორგი ბარძიმაძე გვეუბნება, რომ სარჩელის შესახებ მედიისგან გაიგო და მისთვის უცნობია რატომ ჩივის ვიოლეტა ინასარიძე.
ჩვენი რედაქცია ასევე დაუკავშირდა ლევან სამხარაულის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, კითხვით რა ეტაპზეა მეგი ბაქრაძის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა. მივიღეთ სტანდარტული პასუხი: მიმდინარეობს დეტალური კვლევები და დასკვნის თარიღი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, პროფესიულმა საბჭომ კლინიკა „იმედში“ეთიკური და პროცედურული დარღვევები გამოავლინა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. ოჯახის ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და რეანიმატოლოგი, გიორგი აფციაური კლინიკა „იმედიდან“ 30 ივნისს გაათავისუფლეს.