მედვედევი: დიპლომატიური ურთიერთობები, პრინციპში, დიდად არცაა საჭირო

February 26, 2022

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. ამის შესახებ ის VKontakte-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ახლა ყველგან განდევნილები ვართ, გვსჯიან, გვაშინებენ, მაგრამ ისევ არ გვეშინია… ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეაჩერა რუსეთის წევრობა. ველური უსამართლობა. თუმცა ეს კარგი მიზეზია საბოლოოდ გამოვიჯახუნოთ კარი და სამუდამოდ დავივიწყოთ ეს უაზრო თავშესაფრები. <…> მეტიც, ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციისთვის. მაგალითად სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის, რაც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში.

მედვედევმა დასძინა, რომ „სანქციები შეიძლება იყოს შესანიშნავი მიზეზი იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საბოლოო გადახედვისთვის, რომლებმაც დააწესეს ისინი“, მათ შორის, იარაღის უსაფრთხოების შესახებ დიალოგის შეწყვეტა.

დიახ, და დიპლომატიური ურთიერთობები, პრინციპში, დიდად არცაა საჭირო. დროა საელჩოები ურდულზე ჩავკეტოთ. კონტაქტები კი გავაგრძელოთ, ოღონდ ერთმანეთს მხოლოდ ბინოკლებით და იარაღის ოპტიკით ვუყუროთ, – ნათქვამია პოსტში.

ავტორი: ცოტნე ყურაშვილი