მეორედ წასვლა – ივანიშვილის გადაწყვეტილების შეფასებები

January 11, 2021

დემოკრატიული ნაბიჯი თუ პასუხისმგებლობის არიდება ოპოზიცია და მმართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას აფასებენ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მათივე შეფასებით, ეს დემოკრატიულობის გამოვლინებაცაა.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა მიუთითებს, რომ ივანიშვილი დემოკრატიული ფასეულობების მქონე ადამიანია. 

“მას არასოდეს არ ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა. მან ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის სურვილი არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება” – ამბობს ანრი ოხანაშვილი მედიასთან. 

განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში. 

“ქართული ოცნება” არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. 

“მარიონეტების მართვის მეთოდით კარგად ჰყავს გამობმული ხელზე გამოზრდილი კადრები, ყველგან ჰყავს საკუთარი მოსამსახურეები, ამიტომ უფრო გაუმარტივდება კულუარებიდან მართვა. გააკეთებს იმას რაც მას უნდა, პასუხისმგებლობას კი თავის თავზე არ აიღებს. ეს არის მისი ფორმალური წასვლა. “ქართული ოცნება” არის ივანიშვილი, არ იქნება ივანიშვილი და იმაზე მალე დაიშლება პარტია, ვიდრე “მოქალაქეთა კავშირი” შევარდნაძის გარეშე. ეს არის პარტია, სადაც არ არსებობს ლეგიტიმური თამაშის წესები და არის მხოლოდ ბელადისა და მისი მორჩილი ადამიანების ბატონ-ყმური ურთიერთობა და ამ პარტიის ხელმძღვანელი იქნება ფორმალურად თუ არაფორმალურად, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,” – ამბობს ჩვენთან საუბრისას რომან გოცირიძე. 

ხედვას, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობებს იშორებს, იზიარებს “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი სერგო ჩიხლაძეც.

“როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალურად, პარტიის მართვა არაფორმალურად მისთვის გაცილებით იოლი იქნება,” – სერგო ჩიხლაძე.

“ივანიშვილის დღევანდელი განცხადება არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება “- ამბობს გიგი უგულავა. 

“უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, ის რომ გარბიხარ, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიაა. თავისთავად, ცხადია, რომ როდესაც პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან , ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება,”- ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი. 

მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების მითითებისა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის პრობლემაა, ფაქტს “ქართულ ოცნებაში” უარყოფენ.  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ე.წ. არაფორმალური მმართველი არასდროს ყოფილა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის ღიად ერთვებოდა მმართველობის პროცესში.

“ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით და ეს ასეც იქნება. ჩვენ ალბათ, ამ დღეებში ძალიან ბევრ აბსურდულ ნარატივს, მესიჯს ვნახავთ ოპოზიციის მხრიდან, ისინი ეცდებიან რომ ეს ერთი მხრივ თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ. თუ ვინმეს მიაჩნია რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, ეს არის მძიმე შეცდომა – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს დილით გაავრცელა. მიზეზად ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ მისი „მისია შესრულებულია“. 

«ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პარტიის დროებითი თავმჯდომარე პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება. ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

პირველად ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. 2013 წლის ნოემბერში მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადადიოდა. პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მის არაფორმალურად წასვლაზე მიუთითებდნენ და ამობდნენ, რომ ივანიშვილმა საჯარო თანამდებობები პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების მიზნით დატოვა, თუმცა ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობაზე მართვის სადავეებს კვლავ ინარჩუნებდა.  ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, იგი პოლიტიკაში ოფიციალურად  2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარე გახდა.