ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი TOK TV-სთან ადასტურებს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლებული 29 თანამშრომლიდან ნაწილი მისი მეგობრები და მხარდამჭერები არიან.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიაში გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი მკოიანის მხარდამჭერი იყო, “სამართლიანი არჩევნების” კვლევაში გამოქვეყნდა.
“გათავისუფლებულების ნაწილი ჩემი მეგობრები და მხარდამჭერები არიან. ვფიქრობ ამიტომაც გაათავისუფლეს ისინი, რადგან 20 წელი მუშაობდნენ და ახლა რატომ გაათავისუფლეს?” – გვითხრა დეპუტატმა.
ორგანიზაციის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის III შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ნინოწმინდის მერს დავუკავშირდით. მან უარყო მკოიანთან კავშირის მოტივით განთავისუფლების ფაქტი და გვითხრა რომ დათხოვნილთაგან უმეტესი ავადმყოფობდა და თავიანთ მოვალეობას ვერ უთავსებდა საავადმყოფოში სიარულს.
“70 წელს გადაცილებულები იყვნენ, ავადმყოფობდნენ და ხშირად დადიოდნენ ექიმთან, რის გამოც ისინი ვერ ათავსებდნენ სამსახურს და ამიტომ დაწერეს განცხადება და წავიდნენ.”
“სამართლიანი არჩევნების” რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ნინო ბიბილეიშვილმა კი გვითხრა, რომ წინასაარჩევნოდ ამდენი ადამიანის განთავისუფლება ეჭვებს ბადებს.
“სწორედ ეჭვებმა გამოიწვია ის, რომ ეს ფაქტი მოხვდა ჩვენს ანგარიშში, რადგან მაღალ რიცხვებთან გვაქვს საქმე. 22-მა კაცმა უცებ ვეღარ შეასრულა მათზე დაკისრებული სამუშაო? მასთან, ირიბად გვითხრეს, რომ ბევრი მათგანი მკოიანის მხარდამჭერი იყო და შესაბამისად ჩვენ არჩევნებთან ვაკავშირებთ.”