“ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!” — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი “ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას. ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ ადამიანს რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში არ აცხოვრებდა. მისივე თქმით, ივანიშვილმა ქონება თაღლითურად იშოვა და მის მისი ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო.
“ეს კაცი მილიარდები რომ აქვს, რატომ ზის 15 წელი ჭორვილაში? ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება არის ნაშოვნი თაღლითური მეთოდებით. ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის… ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა.” – თქვა ბურჯანაძემ.
მსგავს განცხადებაზე საპასუხო კომენტარის გაკეთების აუცილებლობა დაინახა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ბურჯანაძის განცხადების საპასუხოდ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გააავრცელა.
პრეზიდენტის განმარტებით, მსგავსი განცხადების გაკეთება უპატივცემულობაა სოფლად მცხოვრების მოქალაქეებისთვის.
“ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.
მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!” – წერს პრეზიდენტი.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს უკვე მეორედ მიიღო. საზოგადოებამ ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი წერილით შეიტყო, ივანიშვილის განმარტებით წასვლის მიზეზის ისაა, რომ “მისი მისია შესრულებულია”
ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა.