უმრავლესობა ვალდებულია ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს – ასე გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას 51 დეპუტატისთვის მანდატის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
“როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში. ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები.”- წერს იგი.
მისი თქმით, პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს, რადგან გადადგომის მექანიზმის შესახებ ჩანაწერი თავად კონსტიტუციაშია.
“პარტიებს შორის ურთიერთპატივისცემა ნიშნავს, არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა.”
კონსტიტუციონალისტის შეფასებით, ბუნდოვანია ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაც.
“ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს. როგორც წესი, პრობლემა,ტრადიციულად, პირიქით დგას ხოლმე, უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს, ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ მაინც ღირს ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს.” -წერს ვახუშტი მენაბდე.
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის 51 დეპუტატის განცხადებას განიხილავს, თუმცა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.