ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რობოტი პეპერი, რომელიც ექიმებს Covid-19-თან ბრძოლაში უნდა დახმარებოდა, ტელემედიცინის სიმბოლო იყო.
“პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდის დროს, ონლაინ კლინიკების ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიყენებთ. ეს არ გულისხმობდა, რომ დღეის მდგომარეობით რობოტ პეპერს საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რობოტი პეპერის სიმბოლო, როგორც ტელემედიცინის, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს,“ – თქვა ტიკარაძემ.
რობოტის პრეზენტაციის დღეს კი მინისტრის განცხადებით, პეპერი აქტიურად უნდა ჩართულიყო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.
“ჩემი დამხმარე “პეპერია”, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა. ახლა ქართულს სწავლობს… ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება, როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში და უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენც და პეპერიც უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ შევხვდებით,“ – ამბობდა ტიკარაძე.
რობოტი ჯანდაცვის სამინისტრომ 5 თვის წინ საფრანგეთიდან ჩამოიყვანა. საზოგადოებას რობოტი პეპერი იმით დაამახსოვრდა, რომ პრეზენტაციისას რობოტმა უკანსვლა დაიწყო და სცენიდან გადავარდა. თუმცა დაიჭირეს და დამტვრევას გადაარჩინეს.