რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის “შემაკავებელი ძალების” განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოყვანასთან დაკავშირებით ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას განაცხადა, იუწყება ინტერფაქსი.
სავარაუდოდ, იგულისხმება შეკავების სტრატეგიული ძალები. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ძალებში ბირთვული იარაღიც შედის.
„ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები თავს უფლებას აძლევენ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ვუბრძანებ, გადაიყვანონ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის შესრულების განსაკუთრებულ რეჟიმში“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დროს.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი