ვარლამ გოლეთიანი ერთერთია, ვინც ადგილობრივებთან ერთად ხეობაში ნამახვანის ჰესის მშენებლობას 24-ე დღეა აპროტესტებს. მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით 14 ნოემბერს ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ჯაჭვით ჩაბმულებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დაშალა.
რატომ არ სურს მოსახლეობას ხეობაში ჰესის მშენებლობა და როგორია ექსპერტების შეფასებები?
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრის განვითარების იგივე რისკებია, როგორც ეს ამბროლაურთან 1991 წელს მოხდა. მაშინ ბიძგების სიმძლავრემ 7 მაგნიტუდას მიაღწია.
მისივე თქმით, კომპანიის მიერ მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში მითითებული მაჩვენებლით, კაშხლის ინფრასტრუქტურა 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.
სეისმოლოგიური რისკების გარდა გარემოსდამცველები ვრცელ ჩამონათვალს აკეთებენ იმ საფრთხეებისა, რაც რიონის ხეობას ნამახვანი ჰესის მშენებლობამ შეიძლება მოუტანოს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი გვეუბნება, რომ პროექტი ნეგატიურ გავლენას იქონიებს მიკროკლიმატზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ხმელთაშუა ზღვის ზუთხის გადაშენების პირას არსებულ სახეობას და რაჭის უნიკალურ ვაზის ჯიშებსაც.
ჰქონდა თუ არა საშუალება ადგილობრივებს მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებზე დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია და დაესვათ კითხვები? – არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პროცესი უხეში დარღვევით ჩატარდა და სახელმწიფომ არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
მიუხედავად ნამახვანი ჰესის გარშემო არსებული კითხვებისა და პროტესტისა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 22 აპრილს გასცა. ბრძანების თანახმად, კომპანიას ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლება აქვს. თუმცა, გარემოსდამცველები გვარწმუნებენ, რომ უკვე მშენებლობაც მიმდინარეობს.
საფრთხეებზე, რაზეც გზშ-ში საუბარი არ არის, პასუხი თავად რიონმა გასცა. მიმდინარე წლის 29 ივლისს რიონის ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა ის სოფლები და ადგილები, სადაც ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. მათ შორისაა სოფელი ნამახვანი.
იყო თუ არა უზრუნველყოფილი წინასწარი საჯარო განხილვები? ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ პროექტის დასაწყებად წინასწარ გაიცა დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ განხორციელდა კვლევები? გარემოს დაცვის სამინსიტროს ამ და სხვა კითხვებით გუშინ მივმართეთ, თუმცა დროის უქონლობის მოტივით უწყებამ ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრა და პასუხი წერილობით მოგვაწოდა.
პასუხებს გაურბიან ეკონომიკის სამინისტროშიც. ორდღიანი მცდელობის მიუხედავად არათუ კითხვებს, არამედ სატელეფონო ზარებზე აღარ გვპასუხობდნენ.
ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდის მოტივით ბოლო წლებში არაერთი ჰესის მშენებლობა დაიწყო ან განხილვის პროცესშია. ექსპერტების ნაწილი და საზოგადოება თანხმდება, რომ ჰესები საჭიროა, მათი პროტესტი არა საკუთრივ ჰესებს, არამედ მათ არაეკოლოგიურ, შესაბამისი კვლევების გარეშე მშენებლობას უკავშირდება. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მსგავსი პროექტები მეტი ანალიზით და გონივრული დაგეგმვით განხორციელდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული, მაგალითად შუახევის ჰესის შემთხვევა, როდესაც მასშტაბური პროტესტი ფონზე აგებული ჰესის გვირაბი ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა.