საქართველოს ამ დროისთვის “რემდესივრის” 400 ფლაკონი აქვს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საცდელი პარტიაა შემოტანილი და იგი საკმარისი დაახლოებით 600 პაციენტისთვისაა. პრეპარატის გამოყენებასა თუ შეძენასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
“პრაქტიკა გვიჩვენებს თუ როგორი იქნება მოთხოვნა. ჩვენი კატეგორიული პოზიცია იყო, მედიკამენტი შემოგვეტანა, საქართველს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე განცხადებით, საწინააღმდეგო აზრის არსებობის მიუხედავად, საქართველოში „რემდესივირის“ შემოტანა გამართლებულია.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი “გამართლებასა და ალბათობაზე” პრეპარატის გამოყენებას არ ემხრობა. მისთვის გაუგებარია რატომ გასწია სახელმწიფომ ხარჯი თუ წინასწარ არ იცის პრეპარატის ეფექტურობა.
“ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ამგვარი პრეპარატის შეძენა გარდაუვალი აუცილებლობა, საერთოდ არ იყო. ძალიან შემჭიდროვებული კრიტერიუმები აქვს, მსუბუქ პაციენტებში არ გამოიყენება, ფაქტობრივად, რჩება პატარა სეგმენტი იმ პაციენტებისა, ვისთანაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ისიც მინიმალურ ეფექტს იძლევა.
თუ ჩვენ ახლა ვამოწმებთ პრეპარატს, მაშინ ეს სტანდარტული კლინიკური პრაქტიკა აღარ გამოდის, მაშინ ეს არის კვლევა – მედიკამენტი გაამართლებს თუ არა. კვლევად კი ეს არ არის დარეგისტრირებული როგორც ვიცით. ასევე მეორე საკითხი, არავითარი კრიტერიუმები არ ჩამოწერილა, რომლითაც შევაფასებთ გაამართლა თუ არა, რა ნიშნით მოხდება შეფასება, არ არის არც საკონტროლო ჯგუფი ვის უნდა შევადაროთ” – ამბობს ჩვენთან საუბრისას მაია ბუწაშვილი.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატის გამოყენება გამოყენება არაუგვიანეს ორშაბათიდან დაიწყება. მისი განმარტებით, „რემდისივირი” ეფექტიანი ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაშია და ის მხოლოდ ჟანგმადდამოკიდებულ პაციენტებს ენიშნებათ.
მკურნალობისას “რემდესივირი” გამოიყენა თავად თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც მისივე თქმით, უცხოეთიდან მეგობრებმა გამოუგზავნეს, რადგან ქვეყანაში იმ დროისთვის პრეპარატი არ იყო.
“რემდესივირი” ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატია. საქართველოში მის შემოტანაზე საუბარი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო მაშინ, როცა ის იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნეოდა. თუმცა ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ის არც ისეთი ეფექტურია და ყველაზე ხელშესახები შედეგი, რაც მას აქვს, ჰოსპიტალიზაციის დროის შემცირებაა.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.