რესტორნების მხოლოდ 10% შეძლებს მუშაობის განახლებას – ასეთ პროგნოზს აკეთებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იმ შემთხვევაში თუ სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები თებერვლამდე არ მოიხსნება. შოთა ბურჯანაძის განმარტებით, ბიზნესის გადასარჩენად რესტორნები 16 იანვრიდან, მოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან ერთად უნდა გაიხსნას.
“მაგალითად თუ დღეს ველოდებით, რომ არსებული რესტორნებიდან 50% გაიხსნება, თუ შეზღუდვები დროულად არ შემსუბუქდება გაიხსნება მხოლოდ 10%, დანარჩენები ვერ შეძლებენ მუშაობის განახლებას. დაგროვილია ძალიან ბევრი ვალი, მიუხედავად დახმარებისა სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან ბევრი ბიზნესი და რესტორნები იკეტება, მეიჯარეებიდან მოთხოვნა არის ფართების დაცლის, ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ჩვენ მივიღებთ საბოლოოდ ძალიან მცირე რაოდენობას რესტორნებისას, რომლებიც შეძლებენ ოპერირებას. ერთი რესტორნის უკან არ დგას ერთი ადამიანი, ამის უკან დგას მასები, ვერ შეძლებს ვერც სახელმწიფო და ვერც ადამიანები თავის გადარჩენას” – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
შოთა ბურჯანაძის თქმითვე, ამ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები აქვთ.
საქართველოში რესტორნები მეორედ პანდემიის მეორე ტალღის გამო 28 ნოემბრიდან დაკეტილია. მათ მხოლოდ “მიტანის სერვისით” მუშაობა შეუძლიათ.