იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის სავარაუდო ჩამდენები დაუსწრებლად დააკავეს – ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
ამ უწყების ინფორმაციით, ეს პირები რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის “ორმაგი მოქალაქეობის” მქონე პირები არიან. რუსული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლის ივლისში, მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულ ივანკოვს ერთმა ბრალდებულმა სატვირთო ავტომანქანიდან ესროლა, მეორე კი მას სხვა ავტომობილიდან აზღვევდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბრალდებულები ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან. ძებნილებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და სასამართლომ მათ პატიმრობაც დაუსწრებლად შეუფარდა. განცხადების თანახმად, ბრალდებულების რუსეთში ექსტრადიციის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.