ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთვარობა მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ეს აქამდე იყო განსაზღვრული. საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, შესაძლოა 2021 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 62%-მდე გაიზარდოს. მაშინ როდესაც კანონმდებლობა ვალის ზღვრულ ნიშნულს 60%-მდე აწესებს. გაზრდილი საგარეო ვალის პარალელურად მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ 5 % ნიშნულიდან მათი მოლოდინი 4.3 % ჩამოვიდა.
“ბიუჯეტი მაინც დაიგეგმება 4.3 %-ის ფარგლებში, იმიტომ რომ უნდა ვიყოთ ფრთხილი რაც შეიძლება. დეფიციტის პარამეტრი შენარჩუნდება კვლავაც მაღალი, იმიტომ რომ 2021 წელის მნიშვნელოვანი იქნება, ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე [გასათვალისწინებელია] ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რითაც 2020 ხასიათდებოდა. ” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
რატომ არის პრობლემური კრიზისის პერიოდში გაზრდილი საგარეო ვალი და რა გავლენას იქონიებს ის მომავალი წლის ეკონომიკურ პროცესებზე?
ეს არის ნიშანი მძიმე ეკონომიკური კრიზისის – ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი კეპულაძე.
“როდესაც ჩვენ საგარეო ვალს ვხარჯავთ, სოციალურ დახმარებებზე ეს, სამწუხაროდ უმეტესად, არის მოკლევადიანი ეფექტის მქონე და როგორც წესი, ვალით სოციალური დახმარების გაცემა მიღებული არ არის. ამ პირობებში, როდესაც 4.3 %- ზრდაზეა ბიუჯეტი გათვლილი თან, წლევანდელ ჩავარდნილ წელთან შედარებით, ეს არის ნიშანი მძიმე ეკონომიკური კრიზისის. 2021 წელი, სამწუხაროდ, ბევრად უკეთესი ვერ იქნება ამ წელზე, ყოველ შემთხვევაში ამ პერსპექტივიდან.” – ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი კეპულაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყნის საგარეო ვალი 2008 წლიდან მზარდი დინამიკით ხასიათდება. მიმდინარე წელს ვალის ზრდას სფეროს წარმომადგენლები პანდემიას უკავშირებენ, თუმცა აღნიშნავენ, იმასაც რომ ამჯერად ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი დაფიქრება მოუწევს თუ რა მიზნობრიობით უნდა დახარჯოს თანხა.
ბიუჯეტში არის ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობა – საერთაშორისო გამჭირვალობის ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ხარჯის შემცირებით ქვეყანას შეეძლო 200-300 მილონით ნაკლები ვალის აღება.
“ეს ბიუჯეტი 2019 წელს რომ შევადაროთ, რომელიც ეკონომიკურად ნორმალური წელი იყო და არანაირი გლობალური კრიზისი არ გვქონდა, გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები. ანტიკრიზისული ბიუჯეტი კი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ გარკვეული მიმართულებებით გაკეთებული იყოს ეკონომია. ბუნებრივია, აქ იმდენი დანაზოგი შეიძლება ვერ გააკეთო, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები სრულიად დაფარო, მაგრამ, 200-300 მილიონის ეკონომიკაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა.” – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.
იმის გასარკვევად თუ რა მიზნობრიობით იგეგმება ახალი საგარეო ვალის აღება და რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად ბიუჯეტის დეფიციტი მდგრად ნიშნულზე დაებრუნებინა ახალი ვალის გარეშე? კითხვებით უფლებამოსილ უწყებას მივმართეთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროში თვლიან რომ მინისტრმა დღეს ამომწურავად ისაუბრა და ჟურნალისტების დამაზუსტებელი კითხვები პასუხს არ საჭიროებს.
გაზრდილის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობს.
“შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომლებსაც ვახორციელებთ ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა , ეს საკმარისი არ არის, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ამბიციები, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ საკოორდინაციო სხდომაზე.
რის საფუძველზე ვარაუდობს გახარია ეკონომიკის ორნიშნა რიცხვით ზრდას გაუგებარია გიორგი კეპულაძისთვის.
“ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და მე აქ მმართველი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვხედავ. გვაქვს საგარეო და სახელმწიფო ვალის ზრდა, ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი და ამ პირობებში დღეს დავიწყეთ საუბარი, რომ უნდა გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. როგორ და რანაირად ეს არავინ არ იცის. სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ტურიზმის მაჩვენებელი 2023-24 წელს დაუბრუნდება 2019 წლის ნიშნულს. ქვეყანა, რომლის ძალიან ბევრი მოქალაქე დამოკიდებულია ამ სექტორზე, მას ორნიშნა ზრდა ვერ ექნება თუ ძირეული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები არ გატარდა” – ამბობს გიორგი კეპულაძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლის შემცირება 2023 წლამდე არის დაგეგმილი.
ავტორი: ნატალია ნემსაძე