საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში | მთავარი

March 14, 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სიტყვით მიმართა. პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები, ასევე მთავრობის წევრები, სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დიპლომატები, რომელთა მოწვევა ტრადიციაა, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოდის. პარლამენტში ასევე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასულიერო პირები.

ქვემოთ მოყვანილია ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები გამოსვლიდან:

გაერთიანების აუცილებლობაზე

ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“!

იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

მიმართვა ზელენსკის

კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი.

ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, ასევე უკრაინასთან მიმართებაში

მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის.

მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები.

იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი განუცხადა მას ევროპაში ვიზიტებზე

გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. 

ავტორი: ცოტნე ყურაშვილი