საქართველოს პრემიერი-მინისტრის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან საცალო გაყიდვების სექტორში სახელმწიფოსგან 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და აქ ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული. ძირითადად ეს შეზღუდვები არის 4-5 კვირა, ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში – ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ სექტორებში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი აქვს, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში“ – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 100 000-120 000 ადამიანი იქნება.