“შეთანხმებულები ვიყავით, რომ არ დამასახელებდნენ,”-ბორჯომის მერი

August 11, 2025

ბორჯომის მერი, ოთარ არბოლაშვილი “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატურის, მამუკა გელაშვილის შეფასებას თავს არიდებს და ამბობს, რომ “გუნდის გადაწყვეტილება იყო და მხარს” უჭერს.”

“ქართულმა ოცნებამ” დღეს, მუნიციპალიტეტების მერების კანდიდატები წარადგინა, თუმცა სიაში არ მოხვდა არც ბორჯომის მოქმედი მერი, ოთარ არბოლაშვილი და არც ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი.

არბოლაშვილი არ გვპასუხობს, თუ რატომ არ წარადგინა პარტიამ მისი კანდიდატურა და ამბობს: “შეთანხმებული იყო და მიზეზებზე სასაუბრი არ არის საჭირო”.

ჩვენ ასევე ვცადეთ დაკავშირება ახალციხის მერთან, ირაკლი ლაზარაშვილთან, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ჩვენს ზარებს არ უპასუხა არც ახალმა მერობის კანდიდატმა, ვარლამ წიკლაურმაც, თუმცა მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

“ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა. ახალციხე ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს შალვა ახალციხელის სამშობლო და საქართველოს მეციხოვნე ქალაქია. მდიდარი ისტორიით და მშვიდობიანი აწმყოთი. ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულში და ჩემს ფიქრებშია, სადაც არ უნდა ვიყო. ეს სიყვარული მარადიულია. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის! მადლობა “ქართული ოცნების” გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ახალციხეს!”-წერს წიკლაური.

ვინ იქნება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნების” მხრიდან მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში? – ნახეთ სტატია: ‘’ოცნების” მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთიდან