როგორ აფასებს ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი “ქართული ოცნების” მიერ მერობისთვის სხვა კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენას და როგორია მისი მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით? უნანიანი გვეუბნება, რომ მისი თხოვნა იყო მერობის კანდიდატად აღარ დაესახელებინათ. გვეუბნება, რომ მაკარიანი “ალბათ არჩევნებში გაიმარჯვებს.”
“ახალგაზრდაა… ალბათ, არჩევნებშიც გაიმარჯვებს. ჩემი სურვილი იყო, რომ ისევ მე არ დავესახელებინე პარტიას მერობის კანდიდატად,” – გვეუბნება უნანიანი.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქის მერობის კანდიდატად, საკრებულოს დეპუტატი და ტერიტორიულ დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრი, მელქონ მაქარიანი წარადგინა.
წარდგენას არ ესწრებოდნენ მედია საშუალებების წარმომადგენლები, გარდა ადგილობრივი მედია Jnews-სა. მედიის დირექტორი, რიმა გარიბიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ღონისძიების შესახებ შემთხვევით გაიგეს, რადგან სადაც წარდგენა გაიმართა იმ შენობაში აქვთ ოფისი.
წარდგენას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და პარლამენტის დეპუტატი, სუმბატ კიურეღიანი.
დღესვე “ოცნებამ” მერობის კანდიდატები ადგილობრივ პარტიებს ასპინძაში და ბორჯომშიც წარუდგინა.