1 დეკემბრის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედიის 387 წარმომადგენელი დააპატიმრეს – ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ მოხსენებაში ვკითხულობთ. ორგანიზაციის განმარტებით, დაკავებული ჟურნალისტების ნახევარზე მეტი 61% 5 ქვეყანაზე მოდის.
- ჩინეთი -117,
- საუდის არაბეთი – 34,
- ეგვიპტე – 30,
- ვიეტნამი – 28,
- სირია – 27.
ჟურნალისტების დაკავებაზე საუბრისას ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ ბელარუსზე. კვლევის თანახმად, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქ სულ მცირე 370 ჟურნალისტი დააპატიმრეს.
“ზოგი სწრაფად გაათავისუფლეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტები საშინელ არასათანადო მოპყრობას განიცდიდნენ. ცემა, იძულებითი გაშიშვლება, ასევე არ ჰქონდათ წვდომა სამედიცინო დახმარებაზე, საკვებსა და საპირფარეშოებზე. ახლა ჟურნალისტებს სისხლისსამართლებრივი დევნის საშიშროება აქვთ და ბევრად უფრო მძიმე პირობები.” – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმადვე, პრესის თავისუფლების დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოვლინდა იმ ჟურნალისტებში, რომლებიც covid-19-ის პანდემიას აშუქებდნენ. ორგანიზაციაში წინა წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 ნოემბრამდე, 300-ზე მეტი ინციდენტი აღწერეს, რაც პანდემიის გაშუქებას უკავშირდებოდა, საიდანაც კვლევის თანახმად 35 % -ს თვითნებურ დაკავებას შეადგენდა, 30% – კი ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.
“დაპატიმრებების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა 2020 წლის მარტიდან მაისამდე. Covid-19 პანდემიის პრევენციის მიზნით, მსოფლიოს დიდ ნაწილში მიღებულმა საგანგებო ზომებმა ხელი შეუწყო, ახალი ამბებისა და ინფორმაციის ბლოკირებას და ჟურნალისტების დაპატიმრებას.”
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში, სულ მცირე, 54 ჟურნალისტი ამჟამად მძევლად იმყოფება, რაც 5% -ით ნაკლებია, გასულ წელთან შედარებით. მძევლები, ძირითადად, კონცენტრირებული არიან შუა აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში: სირია, იემენი და ერაყი.