ლაგის მიერ განხორციელებული პროექტის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ წარმოჩნდა მუნიციპალიტეტში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის, ეკონომიკურად სუსტი და მარგინალიზებული ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების არსებობა, რომლებიც, ძირითადად, ვერ ახერხებენ საქართველოსთან იდენტიფიცირებას, შემოსაზღვრულნი არიან საკუთარი სოფლისა და ქალაქის რეალობით, შეზღუდული კულტურული ურთიერთობებითა და კომუნიკაციით, შესაბამისად, თვალსაწიერის გაფართოების შეუძლებლობა, კულტურათშორისი დიალოგის ნაკლებობა და ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმი ზრდის მათი პროპაგანდის მსხვერპლად გარდაქმნის ალბათობას. ამდენად, მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ისეთი საკითხების მნიშვნელობის გათავისება, როგორებიცაა: ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; გარემოსდაცვითი აქტივიზმი; მწვანე ეკონომიკა და ახალგაზრდული მეწარმეობა.
ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა (LAG), რომელიც, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ერთადერთ სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენს წალკაში, შეიმუშავა წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (2020–2024) და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ნათლად წარმოჩნდა სოციალური და ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის, კარგი მმართველობის, სამოქალაქო ჩართულობისა და გარემოსდაცვითი მექანიზმების ცოდნის საჭიროება და მნიშვნელობა.
სოფლებში (Swot ანალიზის, სხვადასხვა ჯგუფებთან მუდმივი თემატური შეხვედრების, სათემო კრებებზე წამოჭრილი პრობლემების ანალიზის, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგად) გამოიკვეთა იმ საკითხებზე მუშაობის აუცილებლობა, რომელთა განხილვასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნული პროექტი.
შესაბამისად, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მთავარ მიზნად ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, ინკლუზიური და მდგრადი პროცესების მხარდაჭერა და დანერგვა განისაზღვრა.
ამდენად, პროექტი („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) გულისხმობდა დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის პლატფორმის შექმნას, მდგრადი და მწვანე სამოქმედო და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, ქალებისა და ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართვასა და მათი ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არ არსებობს ახალგაზრდების ინტეგრაციისა და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი თავშეყრის სივრცეები, ამასთანავე, პიროვნულ და პროფესიულ განვითარება–რეალიზაციაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კლასგარეშე აქტივობების ნაკლებობა პასიური, ასოციალური ცხოვრების წესსა და სატელიტურ ტელევიზიაზე მიჯაჭვულობისკენ უბიძგებს ახალგაზრდებსა და მოზარდებს. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს წალკის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდების მიგრაციას – მოსახლეობა კი ისედაც მცირერიცხოვანია, ხოლო მუნიციპალიტეტი, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ბებერია.
ამასთანავე, ჩვენ მიერ მიმოხილულ უარყოფით ფაქტორებს განსაზღვრავს ეკონომიკური სექტორის ერთფეროვნება, სუსტი ტექნიკური ბაზა, ფინანსური სიმწირე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, პოლიტიკური თუ ინსტიტუციური დიალოგის ჩარჩოს არ არსებობა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სუსტი რეაგირება აღნიშნულ პრობლემებზე, რაც ქმნის ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას.
აქედან გამომდინარე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (ამასთანავე, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ასოციაციის (GALAG–ის) წევრმა), რომელსაც, კვალიფიციური ცოდნითა და პროექტებისა და გრანტების მართვის თვალსაზრისით, მრავალწლიანი გამოცდილებით აღჭურვილი 12 წევრი ჰყავს აღმასრულებელ საბჭოში, ასევე – სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სამოქალაქო აქტივიზმის, კომუნიკაციების, გარემოს დაცვისა და სხვა მიმართულებით და აქტიურად თანამშრომლობს წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო, სამოქალაქო და მედია ინსტიტუტებთან, მიზნად დაისახა სამოქალაქო სექტორისა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის პლატფორმის შექმნა, მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული სტრატეგიული და სამოქმედო დოკუმენტების გააქტიურება და პრაქტიკული განხორციელება, ასევე, არაფორმალური განათლების დანერგვა და კამპანიების გამართვა.
მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათავისება, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, შემცირებულ მიგრაცისა და ახალგაზრდების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებას – ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სიღარიბის დონის შემცირებასა და სოციალურ ინტეგრაციას.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მობილიზაციისა და აქტიური ჯგუფების გამოკვეთის შედეგად დადგინდა მერიის ბაზაზე არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობა, ვინაიდან, როგორც გამოჩნდა, ერთი მხრივ, თავად საბჭოს წევრებიც მკაფიოდ ვერ აღიქვამდნენ აღნიშნულ მექანიზმს, საკუთარ როლსა და დანიშნულებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას არ ჰქონდა იმის რწმენა და მოლოდინი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მხრიდან, სათანადო დახმარებას მიიღებდა.
სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, არ გამოირჩეოდნენ ღრმა გათვითცნობიერების ხარისხითა და აქტიური ჩართულობით, ამიტომ მათთვისაც შემუშავდა სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
ასევე, დადგა საბჭოს წევრების განახლების საჭიროება. პროექტის გუნდმა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ მერიას უნდა ჰქონდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევის გაწერილი პროცედურები, რის შემდეგაც პროექტმა შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის ადვოკატირებაც მოხდება ადგილობრივ დონეზე.
ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა დონორების დაფინანსებით მიღებულ გრანტებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ქალთა გაძლიერება, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება–გაუმჯობესება, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა და ახალგაზრდული მწვანე მეწარმეობა, უმთავრეს სამოქმედო ხედვად და სტრატეგიულ მისიად განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების მეშვეობით, ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.
პროექტის მიმდინარეობისას გონხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორებიცაა: ჯგუფის წევრების მიერ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გააქტიურება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება; შეხვედრების ორგანიზება გამოკვეთილ საჭიროებებზე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიზნით; შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტებზე რეაგირებისთვის საჭირო პარტნიორებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების იდენტიფიცირება და მათთან ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება, მედია გაშუქების უზრუნველყოფა ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობით და სხვა.
ამდენად, პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა მოიცვა მობილიზაციის კამპანიები, კონკურსები, დოკუმენტებზე მუშაობა, ველზე აქტივობები, ტრენინგები, ინკლუზიისა და არაფორმალური განათლების კომპონენტები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებასა და მერიასთან თანამშრომლობას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და „გენდერის ოთახის“ გაძლიერებას – მათი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და ეფექტიანად განხორციელებას, უკეთესი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას, ცენტრალურ ხელისფულებასთან თანამშრომლობის დამყარებას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის გაღრმავებას, ინსტიტუციური სისტემების ორგანიზება–გამართვასა და უფლებების მქონეთა შესაძლებლობების ამაღლებასა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის წახალისებას განაპირობებს.