მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. დახურვის ცერემონია ორფოლოში გაიმართა. ღონისძიებაზე ქართველ და წვრთნებში მონაწილე უცხოელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორმა, ტომას კარდენმა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეო იყო, საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა.
წვრთნები ოფიციალურად 26 ივლისს დაიწყო. სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს უკვე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება გახდა- ინფორმაციას თავდაცვაცის სამინისტრო ავრცელებს.
სწავლებაში „მტკიცე სული“ 2021 წელს 15 ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა საქართველოში 26 ივლისს დაწყებული მრავალეროვნული წვრთნების „Agile Spirit 2021“-ის შეფასებისას თქვა, რომ ნატოს აქტივობები რუსეთის საზღვართან მოსკოვს ავალდებულებს ყურადღებით დააკვირდეს პროცესს და „მიიღოს ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.