ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პანდემიის დროს სამინისტრომ არ გაითვალისწინა ბავშვების, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საჭიროებები.
ორგანიზაციის იურისტებსი შეფასებით, შშმ და სსსმ მოსწავლეები დგანან გაზრდილი საფრთხის წინაშე დაირღვეს მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების და უსაფრთხოების უფლება სკოლებში არაორგანიზებული და საფრთხის შემცველი დაბრუნების გამო.
“მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროს უმოქმედობა შეუძლებელია შეივსოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. ამ ეტაპზე სკოლების არსებული ვითარება კი არ იძლევა მათი მხრიდან პანდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას განსხვავებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო.”- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნა PHR-მა სასამართლოში უკვე შეიტანა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ და სსსმ ბავშვთა დამცველმა ორგანიზაციამ.
საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს პასუხის გასაგებად ჩვენ უწყებას დავუკავშირდით, მათი განმარტებით აღნიშნულზე ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებენ.