“ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა), უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი”- 13 ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს და ყველა დარგის უმოკლეს ვადაში ამუშავების თხოვნით მიმართვას.
ერთობლივ განცხადებაში ბიზნესოპერატორები ამბობენ, რომ 16 იანვარს ცალკეული დარგების ამუშავების მოლოდინი არსებობდა, რაც არ გამართლდა. ამასთან, მათი თქმით, კვლავ არსებობს კითხვები 1 თებერვალს დაანონსებული გახსნის წინაპირობების შესახებ. ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლება კვლავ ე.წ მესამე ლოქდაუნს მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგების და ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები სწორედ ამაზე მიუთითებს.
“მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნეს სექტორი.” – ვკითხულობთ ბიზნეს ოპერატორთა ერთობლივ განცხადებაში.
ბიზნეს ასოციაციები მთავრობას, ქვეყნის ეკონიმიკის გადარჩენის მიზნით, 6 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ:
- სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით).
- საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
- დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით);
- შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები;
- აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება;
- დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზეების.
13 ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს რეკომენდაციები რეგულაციების პირობებში. მათივე განმარტებით, მზად არიან ჩაერთონ მასობრივი ტესტირების პროცესში, რისთვისაც სახელმწიფო მხრიდან სუბსიდირებას ითხოვენ.
ბიზნეს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირაა ამბობენ, რომ არ იციან თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას. შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, სექტორს დღეს სჭირდება პასუხი თუ როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას, რადგან მოსამზადებელი პროცესი შესაბამისად დაიწყონ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით 16 იანვარს დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადაიდო. ორთვიანი გეგმის ფარგლებში კი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. რესტორნებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ, სათხილამურო კურორტებზე კი სასტუმროები დაკეტილია, მათთვის მხოლოდ საკარანტინო სივრცედ მუშაობაა ნებადართული.