“არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ტრანსპორტის შეზღუდვა და ფრენების აღდგენა.”- პარლამენტთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია იმართება.
“სამსახურში ვერ მივფრინდებით”, “ყველას აქვს მოძრაობის უფლება” , “ჩემი ხელფასი < ტაქსის ხარჯი” – აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ მსგავსი მოთხოვნებით აქცია გამართეს ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” წარმომადგენლებმაც.
სკოლის გახსნის შესახებ გადავადებული თარიღი გუშინ, 24 იანვარს „მზიურში“ გააპროტესტეს მშობლებმაც და სკოლების გახსნის გეგმა მოითხოვეს.
მთავრობის ორთვიანი გეგმის თანახმად, 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვები, 1 თებერვლიდან ეტაპობრივად უნდა მოხსნილიყო. თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რიგი რეგულაციები 1თვით გახანგრძლივდა.
1-ლი თებერვლიდან მუშაობას განაახლებს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა კი 1-ლი მარტისთვის იგეგმება. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.