საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ 2021-30 წლების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია შეიმუშავეს და დაამტკიცეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება, ესენია – ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს ქვეყანაში პრობლემაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქართული არ იციან. ამავდროულად ღარიბაშვილი “წარმატების” მაგალითსაც ასახელებს, რაც მისი აზრით, პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყოფნაა.
“ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი და მე მინდა, ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში და ა.შ. ამისთვის, რა თქმა უნდა, წინაპირობა არის ის, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ყველა ჩვენს მოქალაქეს. დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად ისაუბრებს ქართულ ენაზე. აი, ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა”.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოქალაქეები და ადგილობრივი ორგანიზაციები უკვე წლებია, საუბრობენ იმაზე, რომ განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ყველას მისცემს ენის შესწავლის შესაძლებლობას. მათი თქმით, ეს აფერხებთ, როცა სახელმწიფო სტრუქტურებში სრულყოფილი მომსახურების მიღება სურთ.