პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოების სახელდებით მიაწოდა მასალა, დაკავებულია. ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს. პროკურატურა დაკავებულს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
” გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში. უწყების ინფორმაციითვე ბრალდება ორიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო მასალის მიმწოდებლის დაკავების შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მასაც დააკავებენ.
“აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები ამ დანაშაულში, რომლებიც ნათლად, პირდაპირ მიუთითებენ მფარველობაზე.”- ამბობს ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისვე თქმით, აღნიშნული პირის დაკავების მიზეზი, ისაა რომ პროკურატურას არ სურს მისი აშშ-ში გამგზავრება დამატებითი მტკიცებულებების ჩამოსატანად.
„ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ, ბატონი დავითი აშშ-ში წავიდეს და ჩამოიტანოს კიდევ დამატებით უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-22 ივლისამდე იქ და ეს თვითონაც იციან, რომ არ იდგა.”
ფოტო მასალა, რომლის გამოც პირი დააკავეს, მიხეილ რამიშვილს 18 სექტემბერს მიაწოდეს.
როგორც რამიშვილი ამბობდა, აღნიშნული სატელიტის ფოტოებით მტკიცდება, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ დღეებში – 19 და 20 ივლისს, თამარის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ის 23 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
18 სექტემბერს პროკურატურამ სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, განაცხადა რომ წარმოდგენილი სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული იყო.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
18 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაცია უნდა იყოს. ბაჩალიაშილის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. მათი ერთ-ერთი ვერსიით მან ჰაკერული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა და ეს გახდა მისი მოკვლის მიზეზი.