კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს დაუდასტურდა – იუსტიციის მინისტრის განმარტებით 31 დეკემბრიდან ინტენსიური პისიარ ტესტირება დაიწყო არასრულწლოვანთა და ქალთა პენტენციურ დაწესებულებაში.
იგი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსით ათასამდე პირია ინფიცირებული.
„ტესტირებას უპირველესად ჩატარდა არასწრულწლოვნების, ბავშვთა პენიტენციური დაწესებულებაში, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც ასევე ჩატარდა პისიარ ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა მათგანი იზოლირებულები არიან, ასევე იზოლაციაში იმყოფებიან მათი კონტაქტები. ყველა შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებს,“- თქვა გოჩა ლორთქიფანიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირება სხვა დაწესებულებებშიც გრძელდება. ბრიფინგზე მან დაადასტურა ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პატიმარის გარდაცვალების ფაქტი. მისი თქმით, ქსნის დაწესებულების პატიმარი სიმპტომების დადასტურების შემდეგ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეშვიდე დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის გარდაიცვალა.
“როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილი იქნა სამოქალაქო კლინიკაში. მას მეშვიდე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ, როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, ის გათავისუფლდა და სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრს არ განუმარტავს კონკრეტულად რამდენი პატიმარია ინფიცირებული ან როგორ დაინფიცირდნენ დახურულ დაწესებულებაში მყოფი პირები კორონავირუსით.