“დეზინფორმაცია ადამიანს თავისუფლებას აკარგვინებს” – ისტორიკოსი, ცირა მესხიშვილი

October 22, 2024

რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვში, მოწინავე ადგილს გასული საუკუნიდან იკავებს. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან ოკუპანტი ქვეყანა ცდილობდა მისი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოქალაქეები დაერწმუნებინა, რომ ომი არა რომელიმე ქვეყნის არამედ დემონების (შავი ძალების) მიერ იყო წარმოებული, ამას მეტყველებს იმდროინდელი პოსტერები და კარიკატურები, რომლებიც აქამდე შემორჩენილია. ( მასალებს რადიო თავისუფლება ავრცელებს) “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2023 წლის კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციის 40 % სწორედ ოკუპანტი ქვეყნის გავლენაზე მოდის.

მათ შორის, რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დეზინფორმაციის გავრცელება და შუღლის გაღვივებაა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახალქალაქში, სკვერში შეკრებილ ახალგაზრდებს ხვდება – აქ ადგილობრივებთან ერთად ახალციხელი და წალკელი ახალგაზრდებიც არიან შეკრებილი. საუბრის თემა ზემოხსენებული დეზინფორმაციის გავლენები და პროცესში ოკუპანტი ქვეყნის როლია. აღნიშნულ საკითხზე კი ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ახალგაზრდებთან ერთად მსჯელობს.

შეხვედრა რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გავმართეთ, ინტერაქციულია, ახალგაზრდები თვლიან რომ დეზინფორმაციის შემცირების მთავარი საშუალება მედიაწიგნიერება და თითოეული ადამიანის სწორი ინფორმირებაა. “დეზინფორმაცია აქტიურდება იმ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინტერესი ინფორმაციის მიღებაზე მაღალია, ასეთია – არჩევნები” – ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი.

ოკუპანტი ქვეყნის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას შორისაა 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც საუბარია თითქოსდა ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომხებს ჯავახეთის ავტონომიად ჩამოყალიბება სურთ, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობა. აღნიშნული მალევე არაერთმა უწყებამ დაადასტურა რომ ტყუილია.