სარწყავი სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა – გასულ კვირას არასაკმარისი ხალხის დასწრების გამო ჩაშლილი სოფლის კრება მუსხში დღეს შედგა, ხალხმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სწორედ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტები დაასახელეს.
კრებაზე დამსწრებთა უმეტესობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლისთვის სარწყავი სანიაღვრე არხის მოწესრიგებას დაუჭირა მხარი. კრებაზევე ითქვა, რომ დაუსრულებელი არხის გამო ზაფხულში წყალი ჟონავს, სახლებში იღვრება და კედლებს აზიანებს.
არასაკმარისი ხმების გამო, შიდა გზების რეაბილიტაცია წელს სოფლის მხარაჭერის პროგრამის ფარგლებში ვერ მოხერხდება, არადა სოფელ მუსხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემაც აუცილებლად მოითხოვს რეაგირებას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს, ვერც გარე განათებები მოეწყობა მუსხში.
გარდა ამისა, სოფლის კრებაზე შეკრებილებმა მუსხისთვის ცალკე მუნიციპალური ტრასპორტის გამოყოფაც მოითხოვეს. ამბობენ, რომ რამდენიმე სოფლის მარშრუტზე მოძრავი ტრანსპორტი მათ გადააგილებას ურთულებს და დროშიც ახანგრძლივებს.
სოფლის კრება მუსხში 6 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუცმა მაშინ მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კრების საჭირო 100 ადამიანის შეკრება ვერ მოხერხდა და შეხვედრა ჩაიშალა. დღეს კი, მათივე თქმით, 101 დამსწრის ხელმოწერა ჰქონდათ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ყველა სოფლისათვის ჯამში 612 ათასი ლარია გათვალისწინებული. საკრებულოს თავმჯდომარის, საბა კბილაშილის თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა 200 %-მდე გაზარდოს.
ამ ეტაპზე კონკრეტულად სოფელ მუსხისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი.