„ქართული ოცნების“ 30 მაჟორიტარიდან ნახევარზე მეტი, 19 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში -TI კვლევა

September 11, 2020

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი 30-დან 19 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან. – საერთაშორისო გამჭირვალობა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

მაჟორიტარობის კანდიდატთა სამეწარმეო საქმიანობის შესწავლისას გამოვლინდა, რომ 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ₾ (ტენდერი – 623,450 ₾; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ₾).

მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ლარად – სახელმწიფო საწარმოებს წილები. ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ლარს.

კვლევის მიხედვით, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ პოლიტიკური შემოწირულების ისტორია აქვს. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.

ანტონ ობოლაშვილი – ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხეში

ახალციხეში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად ანტონ ობოლაშვილი წარადგინა.როგორც კვლევით ირკვევა ანტონ ობოლაშვილი აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მას 8 კომპანიაში აქვს წილი ან იკავებს დირექტორის/წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ 6 კომპანიას ფლობენ. მაგალითად ერთერთ შპს-ში გლობალფარმი, სადაც იგი 100 წილის მფლობელი და დირექტორია 2012-2017 წლებში 18 პირდაპირი კონტრაქტი მიიღო, აქედან 17 მცირე – 43,472 ლარის მოცულობის, ხოლო ერთი (2012) დიდი – 210,119 ლარი. სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული ანტონ ობოლაშვილის მეუღლე ლია ობოლაშვილი. ის 5 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას. “შპს დანიმ”, სადაც ლია ობოლაშვილი 70 %-იან წილს ფლობს 2013-20 წლებში 600,000 ლარზე მეტი ღირებულების 638 მცირე გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

ორგანიზაცია შენიშვნის სახით კვლევაში უთითებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.


ყოფილი და მოქმედი თანამდებობის მქონე კანდიდატების პირების ქონებრივი დეკლარაციები

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში კვლევის ავტორებმა შემდეგი დარღვევები აღმოაჩინეს:

მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.

ორგანიზაციის სრულ კვლევა და მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ დეტალურ ინფორმაცია შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 

Leave a Reply