ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის ნუსხა არ შეუდგენიათ და არც შესაბამის ორგანოში(ცესკოში) გაუგზავნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ავალდებულებთ, – ინფორმაციას “საიას” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
ორგანიზაციის ექსპერტები ფაქტს ვალდებულების დარღვევის კვალიფიკაციას აძლევენ.
“მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ შენობა-ნაგებობების და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება,” – წერია ანგარიშში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ სიის გაგზავნა 6 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი გვითხრა, რომ ორი კვირაა, რაც შვებულებაშია და ინფორმაციას არ ფლობს.
“მე არ ვიცი გაგზავნილი აქვთ თუ არა სია ორი კვირაა შვებულებაში ვიმყოფები.”
ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი ამბობს, რომ ყველანაირი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია წინასაარჩევნო მასალების გაკვრასთან და შენობა ნაგებობებთან, გადაგზავნილია ცესკოში.
“ყველანაირი ინფორმაცია თუ რომელ ობიექტებზე შეიძლება, რომელზე აკრძალულია გაკვრა, გადაგზავნილია. მათ შორის შენობა-ნაგებობების სიაც. ეს დადგენილება არის გამოტანილი საკრებულოს მიერ და გადაგზავნილი ცესკოში,” – გვითხრა უნანიანმა.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს. მისი თქმით, საკრებულოს შესაბამისი დადგენილება მიღებული აქვს, თუმცა ცესკოსთვის არ მიუწოდებიათ.
“ხელის შემშლელ ფაქტორს ვერ ვხედავ. ეს დანაშაული არ არის რომ არ გაგვიგზავნია. საკრებულომ დადგენილება მიიღო და თუ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს მოუნდება ღონისძიებების ჩატარება და მიმართავენ საუბნო საარჩევნო კომისიას, მერიას ან შესაბამის უწყებებს, მიიღებენ წერილობით თანხმობას, ან უარს,” – გვითხრა მერმა.
12 სექტემბერს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 64 მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა თავმოყრილი. ყველა მუნიციპალიტეტს (აბაშის მუნიციპალიტეტის გარდა) გაგზავნილი აქვს ინფორმაცია სააგიტაციო მასალების განთავსების შესახებ.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობების ლოკაციებს, გარდა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებსა არ გაუგზავნია: გარდაბნის, კასპის, მცხეთის, რუსთავის, სენაკისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს.
“ამ თვითმმართველობებმა დაარღვიეს კანონის მოთხოვნები, რითაც პარტიებს ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელი შეუშალეს,” – წერია ანგარიშში.