ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
შსს-ს პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ამბობს, რომ გუშინ აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციის 10-მდე მონაწილემ, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და 14-მდე სამართალდამცავმა. ამის შესახებ განცხადება თავად საბანაძემ გააკეთა.
“აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ასევე პოლიციამ საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები “არ ემორჩილებოდნენ პოლიციას და ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ”, რის გამოც გამოიყენეს წყლის ჭავლი.
განცხადება გავრცელდა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიერ. ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და აუნაზღაუროს დაზარალებულებს მიყენებული ზარალი.
“ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა,” – აღნიშნულია განცხადებაში.
დაზარალებულია 8 ჟურნალისტი და ოპერატორი, მათ შორის JRC-ს ჟურნალისტი, გიგა აბულაძე. როგორც იგი ამბობს, პროტესტის გაშუქების დროს გაშვებული გაზის და წყლის ჭავლის გამო ეწვოდა თვალები და ჰქონდა ცრემლდენა.
გუშინ ცესკოს შენობასთან შეკრებილი მომიტინგეების დაშლა შსს-მ რამდენჯერმე წყლის ჭავლის გამოყენებით სცადა. აქციაზე მყოფები საუბრობდნენ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზეც.
საპროტესტო აქცია დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო.