მოგონებებში შემორჩენილი ტრადიციები – მუსლიმი მესხები

December 9, 2020

დაახლოებით 80 წლის წინ, მაშინ, როდესაც მესხეთში ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ცხოვრობდნენ, ამ მხარეში სხვადსხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემითა და ტოლერანტობით , გამოირჩეოდნენ. არსებობდა ტრადიციები, რაც ქრისტიანებისა და მუსლიმების დამეგობრებას და დანათესავებას უწყობდა ხელს.

სოფელ კლდეში მცხოვრები 85 წლის სოფიო სამსონიძე მომსწრეა იმ პერიოდისა, სანამ მუსლიმ მესხებს გადაასახლებდნენ. იხსენებს, რომ მამამისი მეზობელი მუსლიმანი ოჯახის ნათლია იყო.

მესხეთში მუსლიმებსა და ქრისტიანებს ჰქონდათ საერთო რელიგიური ტრადიცია. ამ ტრადიციას პირობითად “ნათლობას“ ეძახდნენ. ვიცით რომ ისლამში ნათლობა არ არსებობს, თუმცა ამ ტრადიციის მიხედვით, როცა მუსლიმი ოჯახი მცირეწლოვანი ვაჟის წინადაცვეთას გადაწყვეტდა, ქრისტიან მეგობარს სთხოვდა,- წინადცვეთის დროს ბავშვი ხელში აეყვანა. ამის შემდეგ ეს ქრისტიანი კაცი ითვლებოდა ბავშვის ნათლიად და ოჯახები ნათესავები ხდებოდნენ.

გარდა ნათლობისა სოფიო ბებო იხსენებს ამბავს, როცა სოფლებში, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები ერთად ცხოვრობდნენ, ქრისტიანებს მუსლიმი მეზობლების პატივისცემის ნიშნად, ღორები არ ჰყავდათ.

მესხეთში ქრისტიანებისა და მუსლიმების კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და პატივისცემაზე მეტყველებს საკულტო ნაგებობების აშენების ისტორიებიც. მუსლიმები ქრისტიან მეზობლებს ეხმარებოდნენ ეკლესიის აგებაში. როგორც ფიზიკური შრომით, ისე მატერიალური შესაწირით. ამის შესახებ, უდეს კათოლიკურ ტაძარზე, დღმდეა შეომჩენილი წარწერა. გვაქვს ზეპირი გადმოცემები, თუ როგორ ეხმარებოდნენ ქრისტიანები მეზობელ მუსლიმებს მეჩეთების აშენებაში.

1944 წელს მუსლიმები შუა აზიაში გადაასახლეს. ზამთარში, პირუტყვისთვის განკუთვნილ უფანჯრო ვაგონებში შეჰყარეს ადამიანები, ტრანსპორტში არც საპირფარეშოები იყო. ეს მოგზაურობა ერთ თვეს გაგრძელდა და 10 000 მდე ადამიანი გარდაიცვალა.

მესხეთიდან მუსლიმების გადასახლების შემდეგ, აქ ადამიანები საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოასახლეს. გავიდა წლები, შეიცვალა თაობები , ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები კი უმეტესად მოხუცებულთა მოგონებებში შემორჩა.

მასალა მომზადებულია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და კონრად ადეურის ფონდის წარმომადგენელობის მიერ გამიერ გამართულ კონკურსის ფარგლებში.

toktv.ge