დღეს 12:00 საათზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. მიუხედავად ირაკლი კობახიძის მრავალგზის განცხადებისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პირველივე სესიაზე არაერთ ოპოზიციონერს ვიხილავდით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ.
სხდომაზე პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება უკვე ცნო. დადგენილება საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით მიიღო.
“დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით” – ამ სიტყვებით გახსნა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა.
„დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!”- თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
პირველ სხდომას პროცედურის თანახმად უხუცესი დეპუტატი, ანუ ბუბა კიკაბიძე უნდა გაძღოლოდა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ როლის შესრულება ლადო კახაძეს, ქართული ოცნების” დეპუტატს მოუხდა.
პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე “ქვეყნისადმი ერთგულების” ფიცი 88 დეპუტატმა თამარ ჟვანიასთან ერთად დადო.
დღესვე მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები წარუდგინეს. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 4 წლით კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება.
შემდგომი ნაბიჯი მთავრობის ფორმირებაა. თუმცა ვინ იქნება ახალი მთავრობის პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა, ეს გიორგი გახარიაა.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ ამერიკისა და გერმანიის ელჩები. სხდომაზე იყვნენ სასულიერო პირებიც. სესიის დაწყებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირისა და აშშ საელჩოს დელეგაციამ. მათ მხარეებს კვლავ მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.