“ვიმყოფებით ინტენსიურ და რეგულარულ კომუნიკაციაში კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ” – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს.
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. 5 იანვრის დილიდანვე ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინაარმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით, ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით. ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობით. “, – თქვა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება იმ შემთხვევაში თუ საოკუპაციო რეჟიმი შეთავაზებას უპასუხოდ დატოვებს, იუსტიცის მინისტრი ამბობს:
“სამწუხაროდ ჩვენ ვიმყოფებით მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში აქედან გამომდინარე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კომუნიკაცია არის ორმხრივი. ”
მინისტრი განმარტებით, დიალოგი ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით მიმდინარეობს და მის დეტალებს ვერ გაასაჯაროვებს. მისივე თქმით, „ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმში არ იმყოფება, არამედ მოქმედებს“.
გაგრაში ხანძრის გავრცელების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა, სოციალურ ქსელში მოსახლეობა ფოტოებს აქვეყნებდა და ამბობდა, რომ ცეცხლი ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრის მოშორებით იყო. მიუხედავად მოსახლეობის მტკიცებისა, რომ ცეცხლი ლოკალიზებული არ არის დე-ფაქტო მთავრობის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ხანძრის ლოკალური კერები ქვეყნის მასშტაბით ლიკვიდირებულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი 4 იანვრის ღამეს გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა.