“ძალიან მინდა, რომ წლის ბოლომდე ავცრათ მოსახლეობის 60%. ეს იქნება რთული, მაგრამ არა შეუძლებელი”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინაციასთან ერთად, საჭირო ანტივირუსული მედიკამენტების დანერგვა.
„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
სპეციალურ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობის 60% -ის ასაცრელად როგორც ვაქცინის შესყიდვის, ისე ლოჯისტიკური ხარჯი ჯამში, 65-დან 170 მილიონამდე ლარამდე მერყეობს.
„ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებით, ასევე სერვისის ღირებულების გათვალისწინებით, თუ რა ეღირება ერთი აცრა, სხვა დამხმარე სამსახურების, როგორიც არის IT სამსახურები, ლოჯისტიკური სამსახურები, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებთან ერთად ბიუჯეტი ამ წლის განმავლობაში მერყეობს, დაახლოებით, 65 მილიონიდან 170 მილიონამდე, რომ ჩვენ მოსახლეობის 60% ავცრათ“.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდა კოვაქს პლატფორმის საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს მის პირდაპირ მისაღებად.
კოვაქს პლატფორმიდან საქართველო პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად საკმარის ვაქცინას 1.4 მილიონ დოზას მიიღებს.
ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს 200 000 დოზა ვაქცინის -80 გრადუსზე შენახვის შესაძლებლობა აქვს. მანამდე თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია.