,,საქართველომ ვერ შეძლო რუსეთზე გამარჯვება ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში“ – BBC -ის რუსული რედაქციის მიერ გამოქვეყნებული, შეცდომაში შემყვანი ეს ლიდი მას შემდეგ შეიცვალა, რაც რედაქციამ სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მიიღო.
სტატია სათაურით : საქართველო რუსეთის წინააღმდეგ: სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე ,, Грузия против России: Страсбургский суд принял решение по делу о войне 2008 года“ , ახლა BBC -ის რუსულენოვან გვერდზე სხვაგვარად იწყება. პირველი აბზაცი ახლა გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იძლევა ზოგად ინფორმაციას, თუმცა BBC მაინც იმის აღნიშვნას ანიჭებს უპირატესობას (მეორე აბზაცი), რომ ,, სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივრის ნაწილი, რომელიც ეხება საბრძოლო მოქმედებების აქტიურ პერიოდში, ანუ 8-დან 12 აგვისტომდე მომხდარ მოვლენებს“.
,,იტარ-ტასის ფილიალი გახსენით?“, – წერენ BBC რუსულ რედაქციას მომხმარებლები.
რატომ გამოიტანა ფაქტად ლიდში BBC -ის რუსულმა რედაქციამ მიკერძოებული შეფასება, რატომ არ ჰყავდა სტატიის პირველ ვერსიას ავტორები,, ან რატომ არ არის განმარტება ახლაც, რომ შინაარსი შეიცვალა? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას TOK TV თავად BBC რუსული რედაქციისგან ცდილობს.
BBC -ის ამ მასალამაც გვერდი ვერ აუარა ფაქტს, რომ ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაუდგინა სიცოცხლის უფლების (მუხლი 2), წამების აკრძალვისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის (მუხლი 3), აგრეთვე პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა (მუხლი 8) და საკუთრების დაცვის უფლებების არაერთგზის დარღვევა (No1 ოქმის 1-ლი მუხლი)
სქრინი © მარიამ შავგულიძე
ავტორი: ნატალია ნემსაძე