ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დაბალი ტემპერატურისა და ყინვის გამო ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხეხილი და ნათესები გაიყინა. გაყინულია კაკალი, ტყემალი, ბალი , ვენახი და ყველა ის ხილი, რაც გაკვირტული იყო. საგაზაფხულო ყინვის გამო მიყენებულ ზიანს აგროდაზღვევა არ ანაზღაურებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე საგაზაფხულო ყინვისას დაზღვევის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.
მარიკა ბიბილური ერთ-ერთია, რომლის მოსავალიც მოიყინა. მისი თქმით ხეხილიც და ნათესებიც სულ განადგურდა. გვეუბნება, რომ ალტერნატიული თესლიც არ აქვთ რათა მოსავალი ხელახლა დათესონ.
ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაზღვევა ან რაიმე სხვა პროგრამები უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან მცირედი ზარალი მაინც აანაზღაურონ.
მაშინ, როდესაც საგაზაფხულო ყინვების გამო სოფლის მოსახლეობას და ფერმერებს საარსებო წყარო, მოსავალი უფუჭდებათ, დღის წესრიგში დგას თუ არა აგროდაზღვევაზე აღნიშნული პუნქტის დამატება და რა მეთოდებით ცდილობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაზღვევის კულტურის დაფუძვნდებას?
რამდენად ვრცელდება დაზღვევის შესახებ ინფორმაცია სოფელ ჩორჩანში? კითხვით ჩვენ მერის წარმომადგენელს სოფელში, ზაზა ტაბატაძეს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა მას სადაზღვეო პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად არც გაუვრცელებია.
აგროგარემო თივის დირექტორი, ნუგზარ სუარიძე გვეუბნება, რომ საგაზაფხულო ყინვების დაზღვევა ნაკლებად მომგებიანია სადაზღვეო კომპანიებისთვის, რადგან მოყინვის ალბათობა მაღალია. გვეუბნება, რომ იმ შემთვევაში თუ სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება კონკრეტულ ჯგუფზე ფერმერს შეუძლია კერძო სადაზღვეო კომპანიასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დააზღვიოს მოსავალი.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო სისტემები საკმაოდ განვითარებულია, ფერმერები ამინდის პროგნოზების წინასწარი ინფორმაციით, მსგავს შემთხვევებში საკუთარი მოსავლის გადარჩენას გასხლული ტოტებისგან ცეცხლის დანთებით ცდილობენ.
გარდა სამცხე-ჯავახეთისა დაბალი ტემპერატურა და თოვლი დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.